ამაზონის საიდუმლო ფორმულა

ბევრი ფიქრობს, რომ ამაზონის პოპულარობა მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტების სიმრავლითა და მათი მაღალი ხარისხითაა განპირობებული. რასაკვირველია, ეს ორი ფაქტორი მართლაც დიდ როლს ასრულებს სერვისის განვითარებაში, თუმცა ყველაფერი მათზე დამოკიდებული ნამდვილად არაა. ცოტამ თუ იცის, რომ ამაზონი ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ და ტექნიკურ მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენისკენ გიბიძგოთ. მეტიც, ამ მეთოდების უმრავლესობის გამოყენება ნებისმიერ საიტზეა შესაძლებელი. სტატიაში შევეცდები აგიხსნათ, თუ კონკრეტულად რა ხერხებს მიმართავს ამაზონი და რატომ არის მათი გამოყენება კარგი იდეა.

„სწრაფი მახასიათებლები“

მოგეხსენებათ, ნებისმიერ ელექტრონულ მაღაზიაში არსებულ თითოეულ პროდუქტს კარგი აღწერა სჭირდება. ამაზონს მათი სრული, დეტალური მახასიათებლები დიზაინის ქვედა ნაწილში აქვს განთავსებული. იქამდე კი, მომხმარებლებისთვის ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, „სწრაფ მახასიათებლებს“ იყენებს. პროდუქტის დასახელებასა და ფოტოებთან ახლოს თქვენ დაინახავთ სიას, სადაც მოცემულია ინფორმაცია პროდუქტის ამა თუ იმ თვისებაზე. რა საკვირველია, ეს სია არ არის სრულყოფილი. მასში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიც მომხმარებელს პროდუქტის შეძენისკენ უბიძგებს. შეეცადეთ მოიფიქროთ, პირველი რა კითხვა შეიძლება დაებადოს მომხმარებელს პროდუქტის დანახვისას. მასთან დართულ სიაში სწორედ მსგავს კითხვებს გაეცით პასუხი.

შეფასებები

პროდუქტის სახელთან ახლოს ამაზონი მომხმარებლებს გამჭვირვალე შეფასებების სისტემასაც სთავაზობს. სხვადასხვა საიტზე ე.წ. რეიტინგების სისტემის სხვადასხვა ვარიაციებს შევხვდებით, თუმცა ამაზონი 5 ვარსკვლავის მეთოდს იყენებს. რეიტინგების სისტემა, დადებითი მაჩვენებლის შემთხვევაში, შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს მომხმარებლის თავდაჯერებულობას ზრდის. უარყოფითი მაჩვენებლის შემთხვევაში კი, მათ შეეძლებათ ნახონ, კონკრეტულად რა არ მოეწონათ მყიდველებს.

მაღალი ხარისხის ფოტოები

შემდეგი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კომპონტენტი მაღალი ხარისხის ფოტოები გახლავთ. მომხმარებლებს ხშირად აინტერესებთ პროდუქტის ესთეტიური მხარე, ან მისი ვიზუალური და ფუნქციონალური მახასიათებლები. მაგალითად, ამ კონკრეტული პროდუქტის ფოტოებში აშკარად შეგიძლიათ ამოიცნოთ, თუ როგორ სადენს იყენებს ის. აღნიშნული მეთოდის გამოყენება შეიძლება როგორც ფიზიურ, ასევე ციფრულ პროდუქტებზეც. მაგალითისთვის, თუ თქვენ პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდით (ისევე როგორც ჩვენ!), პროდუქტის გვერდზე შეგიძლიათ ე.წ. სქრინშოთები დაიტანოთ.

მარტივად გასაგები ფასი

ონლაინ მაღაზიები ხშირად ერთ სავალალო შეცდომას უშვებენ: პროდუქტის ფასს მარტივად გასაგებს არ ხდიან. ამაზონი ამ მაჩვენებლის ყველა მნიშვნელოვან თვისებას ითვალისწინებს. შედარებით ადვილია, როცა პროდუქტს მთელი თავისი არსებობის ისტორიაში მხოლოდ ერთი ფასი ჰქონდა. თუმცა, ფასდაკლებას ხშირად დაბნეულობა მოჰყვება ხოლმე. მოდით, ამაზონის მაგალითი განვიხილოთ. როგორც ფოტოზე ხედავთ, პროდუქტი თავდაპირველად $79 ღირდა. შემდეგ მას 15%-იანი ფასდაკლება შეეხო, რის შემდეგაც $12.01 დააკლდა და ახლა $66.99 ღირს. ფასდაკლებული პროდუქტის ფასის მითითებისას აუცილებელია ამ ოთხივე კომპონენტის გათვალისწინება:

  • თავდაპირველი ფასის;
  • ფასდაკლების პროცენტებში;
  • ფასდაკლების ვალუტაში;
  • ამჟამინდელი ფასის.

ხშირად ბიზნესის მფლობელები ფასდაკლების დროს პროდუქტის გვერდზე მხოლოდ პროცენტულ მაჩვენებლებს უთითებენ, რაც მომხმარებლების უმრავლესობას ძალიან აბნევს. რასაკვირველია, ამჟამინდელი ფასი და ფასდაკლების კოეფიციენტი ბევრად უფრო ყურადღებამისაქცევი უნდა იყოს, ვიდრე თავდაპირველი ფასი.

ანგარიშსწორების ნავიგაცია

თუ ამაზონის ხშირი მომხამრებელი ხართ, ერთხელ მაინც შეამჩნევდით, რომ ანგარიშსწორების გვერდიდან, სადაც თქვენი ბარათის მონაცემები და ადგილმდებარეობა შეგყავთ, მთავარ გვერდზე გადასვლა არც თუ ისე ადვილია. ამის მიზეზი ისაა, რომ ამაზონმა გამიზნულად ამოიღო ნავიგაციის ფუნქცია ანგარიშსწორების გვერდიდან. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ამ გვერდამდე მისული ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გამოიწერონ პროდუქტი. ამ გვერდზე ერთადერთი გამოყოფილი ღილაკია, რომელიც ყიდვის ფუნქციას ასრულებს. მსგავსი გარემოება მომხმარებელს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ უბიძგებს და უქმნის ილუზიას, რომ უკან დახევა გვიანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *