რატომ არ უნდა გამოვიყენოთ განულებული თემები და პლაგინები

ვორდპრესის თემებისა და პლაგინების დეველოპერებს ერთი საერთო შიში გვამოძრავებს: ჩვენი პროდუქციის შავ ბაზარზე ხილვა. დეველოპერულ სამყაროში განულებულ პროდუქტებს უწოდებენ ისეთ პლაგინებსა და თემებს, რომლებზეც დეველოპერს გარკვეული ფასი აქვს დაწესებული, შავ ბაზარზე კი უფასოდ დევს. მეკობრეობა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. მის გამო სწორედ რომ მცირე, ინდივიდუალური დეველოპერები იჩაგრებიან, რომლების შემოსავლის წყარო ზუსტად რომ ციფრული პროდუქტებია. რასაკვირველია, განულებული პროდუქტები ძალიან ხშირად რისკის ქვეშ აყენებენ მომხმარებლებს. ამ სტატიაში შევეცდები ყველა ეს რისკი აღვწერო და აგიხსნათ, თუ რატომ არ ღირს განულებული თემებისა და პლაგინების გამოყენება.

უსაფრთხოება

უპირველეს ყოვლისა, განულებული პროდუქტები უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. როდესაც ფასიან პლაგინს ან თემას უცხო, არასანდო ვებსაიტიდან უფასოდ იწერთ, არის შანსი, რომ იგი მავნე კოდს შეიცავდეს. მსგავსი პროდუქტის დაყენება თქვენს საიტზე, რომელიც დიდი ალბათობით თქვენი შემოსავლის წყაროა, არაა რეკომენდირებული. მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საიტიდან ინფორმაციის წაშლა, ადმინ პანელის მონაცემების გაჟონვა ან სულაც საიტის გათიშვა.

კონფიდენციალურობა

მავნე კოდის შემცველის თემის ან პლაგინის დაყენების შემდეგ საფრთხე არა მხოლოდ თქვენს, არამედ თქვენი მომხმარებლების პირად ინფორმაციასაც ეხება. მაგალითისთვის, თუ თქვენი საიტი ონლაინ მაღაზიის ფუნქციას ასრულებს, მეტად სავარაუდოა, რომ მავნე კოდი მყიდველების საკრედიტო ბარათების მონაცემების მოპარვას შეეცდება. როგორც მინიმუმ, რისკის ქვეშ დადგება მომხმარებლების პაროლები და საფოსტო მისამართები. ამ ყველაფერს კი შესაძლოა სამართლებლივი პრობლემებიც მოჰყვეს.

ცუდი SEO

განულებული პლაგინები, ხშირ შემთხვევაში, შეიცავენ რეკლამისმაგვარი მავნებლური საიტის ლინკებს, რომლებიც კოდში ღრმადაა ჩამალული. საკუთარ საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ მათ თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, თუმცა გუგლის ბოტებს მათი ამოცნობა წამში შეუძლიათ. შედეგად მიიღებთ იმას, რომ გუგლი საიტის ინდექსაციას შეწყვეტს და SEO-ს მაჩვენებელი საგრძნობლად გაუარესდება. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ SEO-ს გაუარესება საიტის პოპულარობისა და მომხმარებლების დიდი ნაწილის დაკარგვას გამოიწვევს.

განახლებების ნაკლებობა

ვორდპრესის პლატფორმის მთელი სიმარტივე იმაში მდებაორებს, რომ პლაგინებისა და თემების ინსტალაცია საკმაოდ მარტივია. იგივენაირად მარტივია სამომავლოდ მათი განახლებაც. თუმცა, განულებული პლაგინებისა და თემების გამოყენებისას თქვენ არ გექნებათ მათი განახლების შესაძლებლობა. საქმე იმაშია, რომ ისინი ლიცენზირებულ გასაღებს არ იყენებენ. მოგეხსენებათ, ძველი ვერსიის გამოყენება ყოველთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. უნდა გავითვალისწინოთ ვორდპრესის განახლებებიც, რომლებიც ძალიან ხშირად გამოდის და თემებისა და პლაგინების დეველოპერებს მათი ცვლილებების გათვალისწინება უწევთ. ასე რომ, თუ საიტის სტაბილურობა და უსაფრთხოება თქვენთვის პრიორიტეტულია, თავი აარიდეთ მათ.

ტექნიკური მხარდაჭერა

ხშირად ვორდპრესის ფასიან პროდუქტებს ტექნიკური მხარდაჭერის სერვისიც მოჰყვება ხოლმე. ჩვენს ყველა პლაგინს, იქნება ეს თიბისის, საქართველოს ბანკისა თუ ქართუ ბანკის საგადასახადო სისტემა, თან ახლავს 24/7 ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. განულებული ვერსიის გამოყენების შემთხვევაში, ეს სერვისი, რასაკვირველია, ქრება. შესაბამისად, თუ ოდესმე დახმარება დაგჭირდებათ (ახალი ფუნქციის მოთხოვნა, სტაბილურობის პრობლემა, ვორდპრესის ახალ ვერსიასთან შეუთავსებლობა, ვუქომერსის ხარვეზი), დეველოპერი თქვენ ვეღარ მოგემსახურებათ.

უფასო ალტერნატივები

თუ ზემოთ აღნიშნული რისკები თქვენთვის საკმარისი არაა, მაშინ, შევეცდები, ყურადღება უფასო ალტერნატივებზე გავამახვილო. მოგეხსენებათ, ვორდპრესი და ვუქომერსი უფასო პლატფორმებია. ორივე მათგანს უზარმაზარი დეველოპერული საზოგადოება უმაგრებს ზურგს და შესაბამისად, პროდუქტების ნაკლებობა არასოდეს იგრძნობა. მაგალითისთვის, ვორდპრესის პლაგინების მარკეტში ამჟამად 50,000-ზე მეტი პლაგინია. მეტად სავარაუდოა, რომ იმ პლაგინებს, რომლების გამოყენებაც თქვენ გსურთ, უკვე აქვთ ალტერნატივები ვორდპრესის მარკეტში. მათი მოძებნა ხშირად სულ რამდენიმე წამთანაა დაკავშირებული.


იმედი მაქვს, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო ხშირად დაფიქრდებით ხოლმე განულებული თემებისა და პლაგინების დაყენებამდე. მათით სარგებლობა საფრთხეს გიქმნით როგორც თქვენ, ისე თქვენს მომხმარებლებს. ვორდპრესისა და ვუქომერსის ბენეფიტებით სარგებლობა ისევ და ისევ თქვენს ინტერესებში შედის.

1 მოსაზრება: “რატომ არ უნდა გამოვიყენოთ განულებული თემები და პლაგინები

  1. როცა ამ თემაზე ტრენინგს ვატარებ, პატარა აქტივობა მაქვს, სადაც შეგიძლია გაიაზრო რატომ არ უნდა მოიპარო პროგრამა

    თუმცა, ელემენტარულია, როცა ათასობით ფულს აკეთებ რაღაც ინსტრუმენტის გამოყენებით, ამ ინსტრუმენტში ფული უნდა გადაიხადო, იმისთვის რომ ეს ინსტრუმენტი მწარმოებელმა უკეთესი გახადოს.

    მომწონს ზოგადი მიდგომა, დღეს მე დაგეხმარები წინ წაწევაში და ხვალ შენ ამომქაჩე, რომ ორივემ ერთად წინ ვიაროთ

    ჩემი პრაქტიკიდან ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ერთს ვიტყვი:

    კამტაზია ღირს 200$. ერთი 5 წუთიანი ვიდეოს ჩასაწერად დაახლოებით 5 საათის ჩაწერა მიხდება. ამ ჩანაწერში ბევრი ზედმეტი რაღაცებია, ვთქვათ ყავას ვხრუპავ, ეზოში ძროხამ დაიბღავლა, მეზობლის ძაღლმა დაიყეფა, მე ასო გადავყლაპე, წინადადება ვერ გავმართე…

    მერე ვზივარ და ვჭრი ამ რაღაცებს. რამდენჯერმე მიხდება მივუბრუნდე ამ 5 საათიან მონსტრს. მაგრამ, საბოლოოდ, მე მხოლოდ 5 წუთში მიხდიან.

    ვიდეობის ჩაწერაზე იანვარში დავიწყე მუშაობა (რამდენიმე წლის წინ), (მაშინ 145$ ღირდა) და ვფიქრობდი, ნეტავ რამე ინსტრუმენტი იყოს ამ პროგრამაში, რომელიც ამ ზედმეტ წუთებს ერთი წკაპით წამაშლევინებსთქო. რამდენიმე თვეში მართლაც ასეთი ფუნქცია ამ პროგრამას დაემატა. შედეგად მე 5 საათიან ვიდეოში 1 საათს ვამუშავებ. ანუ 4 საათი მოვიგე.
    თანხა რაც ეს დამიჯდა არის 200$მდე და ამ 200$ მე ერთ დღეში ვაკეთებ რადგან არსებობს ეს პროგრამა.

    მე, შენ, სხვამ და ყველამ რომ მოვიპაროთ ეს პროგრამა, ავტორები ამ პროგრამას გააუმჯობესებენ?

    მე მოვიპარავ და სხვებმა დაიცვან კანონი კიდევ ცუანა მელიის ქცევაა და მე არ ვარ მელია.

    როცა იპარავ, საერთო საქმეს უკან წევ, სხვასაც საქმეს უფუჭებ და შენს საქმესაც უკან წევ. შედეგად ორივე ერთად ვიძირებით.

    პირველ რიგში, თუ პროფესიონალი ხარ, საკუთარ პროფესიას სცემ პატივს. მაგრამ აქამდე უნდა გაიზარდო…

დისკუსია დახურულია.